ცნობიერების ნაკადი - ანუ ყველაფერი ის, რაც ქაოტურად მომდის თავში და უბრალოდ თვითგამოხატვითა ვარ დაკავებული :)

"და ჰრქუა ზარვან: აჰა, ძეი იგი ჩემი მხოლოდშობილი, რომელ დაიმკვიდროს ქუეყანაი ესე..." - ანუ ჩემი ბლოგერობის პირელი მცდელობა!

ამონარიდი სპარსული კოსმოგონიიდან შემთხვევით როდი მომიყვანია - შეცდა ზარვან და არ მინდა მეც იგივე დამემართოს :) არ ვიცი, ვნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობას, რომელიც დავდე (ანუ ცნობიერების ნაკადით ჩემი აზრების გადმოცემას ვგულისხმობ), შევეცდები, ბევრს ვიწვალებ, მაგრამ ალბათ მაინც შევასრულებ. "ალბათ" მაინც ჩავურთე - ანუ რაღაც დოზით დავეჭვდი იმაში, რომ ამ ყველაფერს შევძლებდი...

"ათას წელზე მეტხანს სწირავდა ზარვან რაითა მისცემოდა მას ძეი იგი მხოლოდშობილი და ბოლოს დაეჭვდა, ტყუილად ხომ არ ვსწირავო??? ეჭვსა მასსა შინა ჩაისახა ჰარიმან..."

არა მგონია ჩემმა დაეჭვებამ ჰარიმანი შვას, თუმცა ზოგადად რომ ცუდია ეჭვი, მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. რაც შეეხება ზარვანს და მის მცდელობებს  მისცემოდა ძე მხოლოდშობილი, ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ როგორც დასრულდა: ეჭვმა ჰარიმანი, იგივე ეშმა შვა, რომელმაც აჰურამაზდას მოტყუებით დაასწრო დაბადება და წარსდგა რა ზარვანის წინაშე "ცოდვის სიმძიმით აქოთებული და აყროლებული" განუცხადა მამას: მე ვარო ძეი იგი შენი მხოლოდშობილი"-ო. მას აჰურამაზდაც მოჰყვა და მას შემდეგ დაწყევლა ზარვანმა ორივე ძე თვისი - სულ მუდამ ომი გექნებათო მსოფლიო ბატონობისთვისო... ამას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ვარდს ეკლები აქვს, დღეს ღამე, კეთილს ბოროტი, ერთი სიტყვით სხვა რელიგიის სხვა სიმბოლოს თუ დავესესხებით "ინი და იანი" გვაჩუქა ზარვანმა თავისი წყევლით... მე კიდევ ამ ყველაფერს სადღაც ბავშვობაში ყურმოკრული და მეტად ვულგარული ფრაზით გეტყოდით: "კაცი უნდა იყოს ან კეთილი, ან კიდევ კეთილ მ......-ი" (უკვე საკმაოდ დიდი ვარ, თუმცა ეს ფრაზა ძალიან ბევრისგან მომისმენია "ჩემი მოგონილია"-ს მტკიცებით). მართლაც ასეა, ან კეთილი ხარ, ან კიდევ კეთილ მ.....-ი... არ მახსოვს ზუსტად რომელ ტრაქტატში ამოვიკითხე (საკმაოდ ბევრი ნაგავი მაქვს თავში და სამწუხაროდ ბევრი რამე მავიწყდება ამის გამო), რომ ბოროტი როგორც ასეთი ცალკე არ არსებობსო, ცალკე აღებული მდგომარეობა არ არისო და ბოროტიც კეთილიაო. არგუმენტი? არგუმენტი კიდევ ის გახლავთ, რომ თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ბოროტი ცალკე აღებული მცნებაა, ჩვენ რაღაც დოზით ღმერთის სიკეთეში შევიტანთ ეჭვსო და ჩვენდა უნებურად ვიტყვით, რომ რაღაც დოზით ღმერთიც ბოროტიაოოოო. და იქვეა მოცემული ბოროტების განმარტება: ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა(სიკეთე ნაკლები დოზით). ანუ ყველაფერი კეთილად იქმნება, უბრალოდ შემდგომში მასში ან იმატებს სიკეთე ან კლებულობს და ეს განსაზღვრავს კეთილსა და ბოროტს!!! საინტერესო აზრია მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო და ამავდროულად საფიქრალი. ტოლსტოი ხომ გახსოვთ? "Сатана это падщый Ангел", ჰოდა მეც ძია ისიდორეს მსგავსად ტოლსტოის მჯერა. როდესაც ამაზე ვფიქრობ, სულ იოჰან გოტლიბ ფიხტე მახსენდება, ბებერი გერმანელი ვიზიონერი თავისი ეგოცენტრული ფილოსოფიით და მტკიცებულებებით უნივერსალურ შემოქმედსა და ეგოცენტრულ გენიოსზე... "თუ დავუკვირდებით, ობიექტური რეალობა არ არსებობს"-ო ამბობს ფიხტე, ყველაფერი სუბიექტურია და კონკრეტული ადამიანების მიერ აღიქმებაო. ბებერ მეწაღე-ფილოსოფოსს(ჰო, ფიხტე ფილოსოფოსობასთან ერთად მეწაღეც იყო - თავი რაღაცით ხომ უნდა ვირჩინოო ამბობდა) დედამიწის სიმრგვალეც, მისი ღერძის გარშემო ბრუნვაც და სხვა დანარჩენი უდაოდ ობიექტურად რეალური რაღაცეები ძალზედ სუბიექტურად ესახებოდა და რაც უფრო ხშირად ვფიქრობ ამაზე, აბსოლუტურად მართალია - ამ ყველაფერს ხომ აღვიქვამთ, ვლექავთ რა ქვეცნობიერში, ვატარებთ ჩვენი შემეცნების ფილტრში და ისე ვხედავთ? ამიტომაც, ზოგისთვის ბრტყელია, ზოგისთვის კი კვადრატული ეს ბრუნოშეწირული (რა კარგი სიტყვა გამოვიდა :)) ჯორდანო ბრუნოს ვგულისხმობ ბრუნოში:)) მრგვალი და მბრუნავი დედამიწა!

რისი თქმა მინდოდა ამ ყველაფრით? მხოლოდ ეხლა დავფიქრდი... არ ვიცი, როგორც თავში ვთქვი, ალბათ ზუსტად ისე გამოვიდა - თვითგამოხატვითა ვარ დაკავებული :) მუსიკა მომინდა უცებ... აჰა, და ზუსტად ვიცი რას მინდა რომ ეხლა მოვუსმინო... 

"...Cancel my subscription to the Resurrection!
Send my credentials to the House of Detention!
I got some friends inside..."

ჯიმი... კიდევ ერთი ეგოცენტრიკოსი... კიდევ ერთი გიჟი...ტყავის შარვალში ჩაცმული ჯამბაზი... ჯიმიზე როგორმე სხვა დროს დავწერ, ეხლა კი წასვლის დროა... აბა დროებით...



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო