შტრიხები ფრანც კაფკას პოტრეტისათვის

ინტერნაციონალური ჰაბსბურგის იმპერიის დაშლის შემდეგ ავსტრიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მიიღო, რაც ხელს უწყობდა გერმანული ლიტერატურიდან ავსტრიულის გამოცალკავებას. ავსტრიაში მოღვაწეობენ ზიგმუნდ ფროიდი, აქ იქმნება მაზოხიზმის სწავლება, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ნოველისტის, ზახერ მაზოხის სახელს უკავშირდება. ავსტრიამ შვა ერთერთი გამოჩენილი “გერმანელი” პოეტი რაინერ მარია რილკე, უნიჭიერესი ნოველისტი შტეფან ცვაიგი, რომელმაც თავის შემოქმედებაში რეალიზმის ტრადიციები გააგრძელა. აქ ნათლად გამოისახა იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის ტენდენციებიც.
აქედან გამომდინარე, მცნება “პრაღული გერმანული ლიტერატურა” უკავშირდება იმ ლიტერატორთა სახელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩეხეთის დედაქალაქში, რომელიც თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შედიოდა ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში: ფრანც კაფკა, რაინერ მარია რილკე, მაირინკი (მისტიური რომანები: “გოლემი” და “ვალპურგის ღამე”) და მიუზილი.
ფრანც კაფკა და მისი შემოქმედება შეიძლება მივიჩნიოთ იმ საუკუნის სიმბოლიკად. კაფკა დაიბადა პრაღაში ებრაულ ოჯახში, წერდა გერმანულ ენაზე და მიეკუთვნებოდა ავსტრიულ ლიტერატურას. მისი ავადმყოფური ფანტაზიის შედეგად შექმნილი კოშმარები და ფანტასმაგორიები ერთობ წინასწარმეტყველურნი აღმოჩნდნენ. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებმა, სტალინურმა და ჰიტლერულმა საკონცენტრაციო ბანაკებმა მისი ნაწარმოებები შეავსეს იმ შინაარსით, რომელიც ავტორს მათში არ ჩაუდია და ალბათ ვერც მოახერხებდა ამის დანახვას. კაფკას წინასწარმეტყველებებზე მისი გარდაცვალების შემდეგ ალაპარაკდნენ. სხვადასხვა დროის სხვადასხვა ქვეყნებში მას კრძალავდნენ, არ თარგმნიდნენ და არ გამოსცემდნენ. კაფკას შემოქმედება ასე თუ ისე დამახასიათებელია მოდერნიზმისათვის.
ფრანც კაფკას მთელი პროზა შეიძლება მოვნათლოთ ერთ დიდ ესსედ შიშის შესახებ. ესსე ადამიანური არსების მდგომარეობაზე, რომელიც განწირულია ყველა მისი მცდელობით მივიდეს კანონთან და მიაღწიოს სიმართლეს, მაშინაც კი, როცა ის ზეაქტიურია. შიშის ამ ფსიქოლოგიისაგან იბადება ადამიანური ყოფის ფილოსოფია, რომელიც კლასების თეორიისა და პოლიტიკისაგან ძალიან შორს დგას. თავის მხატვრულ სახეებში კაფკა ქმნიდა კაცობრიობის სამყაროსეულ არათავისუფლებას, რომელიც სოციალური, იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მოარალური “ჯაჭვითაა” დაბმული.
ფრანც კაფკამ დაამთავრა პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობდა სადაზღვევო აგენტად, რაც იმ დროისათვის საკმაოდ პრესტიჟულად და საპასუხისმგებლოდ ითვლებოდა. მარტოხელა და არ ან ვერ გაგებული კაფკა წერდა ღამით. სიცოცხლეში ნაკლებად იბეჭდებოდა. მისი შემოქმედება სამი დაუსრულებელი რომანისაგან შედგება: “ამერიკა”, “პროცესი” და “სასახლე”,-რომლებიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ ეგრევე, 1925-1926 წლებში, გამოსცა მისმა სულიერმა მეგობარმა, ლიტერატორმა მაქს ბროდმა, კაფკაზე პირველი მონოგრაფიის ავტორმა და ამით ფაქტიურად დაარღვია მწერლის სურვილი და ანდერძი – დაეწვა ყველა მისი ნაწარმოები. ბროდმა გამოსცა ასევე ნოველები “მეტამორფოზა” და “გამოსასწორებელ კოლონიაში".
კაფკას მიერ შექმნილ ყველა ნაწარმოებში იმდენად იგრძნობა ესსეისტურობა, ქვეტექსტი, მეორე პლანი და წარმოქმნილი ასოციაციები, რომ ჟანრისგან დამოუკიდებლად, თამამად შეიძლება მივაკუთნოთ “თქმულებებს”.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კაფკა ლიტერატურაში შემოდის მეორე გერმანულენოვან გენიოს მწერალთან, ჰენრიხ ფონ კლაისტთან ერთად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლაისტის გარდაცვალებიდან უკვე საუკუნე იყო გასული. გასაოცარია, მაგრამ კაფკასა და კლაისტს შორის საკმაოდ თვალშისაცემი ტიპოლოგიური მსგავსებაა. როგორც ჩანს კაფკა აღმერთებდა კლაისტს. როცა კლაისტების ოჯახმა 1911 წელს ჰენრიხის ნაადრევად გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ საიუბილეო დღესასწაული მოაწყო, კაფკა, რომელიც გაურბოდა ახალ ნაცნობობას, გაურბოდა ხალხმრავლობასა და ხმაურს, საზოგადოების წინაშე თავისი “ჭლექიანი” ხმით კლაისტის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდა. მათ შორის მართლაც ბევრი საერთოა. ერთსაც და მეორესაც გერმანულ ლიტერატურაში შემოაქვთ ისეთი კატეგორია, როგორიც აბსურდია. ორივე შემოქმედი ერთდროულად “შეამჩნიეს”: კლაისტი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, კაფკა კი შედარებით ადრე, მისი ნაწარმოებების გამოქვეყნებამდე. ასე, რომ კლაისტიცა და კაფკაც ერთდროულად შემოდიან გერმანულენოვან ლიტერატურაში.
ჩვენ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ კაფკასა და ჰენრიხ ფონ კლაისტის ნოველისტიკის მსგავსებას. მაგალითისთვის ავიღოთ კაფკას ერთერთი ყველაზე ცნობილი ნოველა “მეტამორფოზა”. რა ფრაზით იწყება ნოველა?
“ერთხელ, დილით, გაიღვიძა რა საკუთარ საწოლში შფოთიანი ძილის შემდეგ, კომივიაჟორი გრეგორი ზამზა აღმოაჩენს, რომ გადაიქცა საშინელ გიგანტურ მწერად.” მორჩა! ნოველას არავითარი ექსპოზიცია არ გააჩნია. ის პირველივე წინადადებაში გვაძლევს აბსოლუტურად აბსურდულ საწყის მოვლენას. თუკი ჩვენ მას ვიღებთ (ჩვენ კი არ შეგვიძლია ის არ მივიღოთ, იმდენად, რამდენადაც ეს პირველი ფრაზაა, რომელიც ჩვენ უკვე წავიკითხეთ და შევუდექით მომდევნოს კითხვას.), თუკი ჩვენ ვუშვებთ, რომ კაფკას სამყაროში ადამიანი შეიძლება გადაიქცეს გიგანტურ ხოჭოდ, მაშინ ყველაფერი სხვა აბსურდად აღარ მოგვეჩვენება. აბსურდული ნოველაში არც არაფერი ხდება. გაგრძელება საკმაოდ ლოგიკური და ბუნებრივია. მშობლები ინერვიულებენ და შეშფოთებულნი იქნებიან. გრეგორი საზოგადოებისაგან გუცხოვდება, ოჯახი იმ მიზეზით, რომ მარჩენალი დაკარგა, ოთახების გაქირავებას დაიწყებს, სახლის მაცხოვრებლები აღშფოთებულნი იქნებიან იმ ფაქტით, რომ მათ გვერდით გიგანტური მწერი ცხოვრობს და ყველა ერთდროულად იგრძნობს შვებას, როცა ის გახევდება. ანუ, ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურად ვითარდება და არანაირ სიცრუეს ადგილი არა აქვს. საიდან მოიტანა კაფკამ ნოველის ამდაგვარი სტრუქტურა?
ეხლა კი შედარებისთვის ავიღოთ ჰენრიხ ფონ კლაისტის ნოველა “მარკიზა ფონ ო.” პირველი წინადადება:
“ჩრდილოეთ იტალიის ერთერთ დიდ ქალაქ ნ-ში უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ქალბატონმა, რამოდენიმე უზადოთ აღზრდილი ბავშვის დედამ მოათავსა განცხადება გაზეთში იმის თაობაზე, რომ ის, თვითონაც არ იცის როგორ და რანაირად დაფეხმძიმდა და თხოვს მომავალი შვილის მამას გამოცხადდეს გვართან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაფორმებლად.”
ეს ნოველის პირველი წინადადებაა. და ისევ და ისევ, თუკი ჩვენ მივიღებთ საწყის პოზიციას და დავუშვებთ, რომ უმწიკვლო რეპუტაციის ქალბატონი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსს სიტუაციაში, სხვა დანარჩენი უცნაურად აღარ მოგვეჩვენება.
ტიპოლოგიურად კაფკასა და კლაისტის ნოველები ძალიან გვანან ერთმანეთს. ერთსაც და მეორესაც შემოაქვთ აბსურდის კატეგორია. მაგრამ, აბსურდი მათთან ცოტა სხვანაირია: აბსურდულია მხოლოდ საწყისი მოვლენა.
“მეტამორფოზა”-ში ზედაპირზე დევს ყველაზე ბანალური გააზრება მეტამორფოზისა. ეს “გაუცხოებაა”, გაუცხოება ოჯახისა და საზოგადოებისაგან, მგრძნობიარე ნატურის მარტოობაა, რომელსაც შეუძლია აიტანოს ტანჯვა და მზადაა თავგანწირვისათვის. იგივე თემაა ინტერპრეტირებული რომანში “პროცესი”, რომელიც გვიხატავს კოშმარებს სამართალწარმოებისა, სამართალწარმოებისა, რომელიც ემტერება ადამიანს, შთანთქავს მას და ანადგურებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
იოზეფ კ.-ს 30 წლის ასაკში აპატიმრებენ, თუმცა ის მაინც “გარეთ” რჩება. მასსა და ადამიანებს შორის დუმილისა და ეჭვიანობის კედელი იმართება. საბოლოოდ სასამართლო, რომლის დანიშნულებაც არა ჭეშმარიტებაში გარკვევა, არამედ მსხვერპლის განადგურებაა. მან უნდა გამოუტანოს იოზეფ კ.-ს სასიკვდილო განაჩენი, რომელსაც გამოუტანს კიდევაც და მას აღასრულებენ კიდეც საშინელ, მკვდარ გარემოში – ქვის სახეხში.
რომანის ჩანაფიქრის კვინტესენცია კონცენტრირებულია თქმულებაში მცხოვრებზე,- ჩასმულ ნოველაში, რომელსაც დამოუკიდებელი სტრუქტურული მნიშვნელობა აქვს და რომანში მომხდარის მოდულირებას ახდენს. ამ თქმულებას იოზეფ კ.-ს უყვება მღვდელი, რომელსაც ის ტაძარში შეხვდა.
გლეხმა კანონის კარიბჭესთან მთელი ცხოვრება გაატარა. კარებს მეკარე-შვეიცარი იცავდა, რომელიც არ უშვებდა, მაგრამ აიმედებდა, რომ შემდგომში ის აუცილებლად მოხვდებოდა კანონთან. მანვე ამცნო გლეხს, რომ კანონი დიდია და კანონის გზაზე უფრო უენო მეკარეები დგანან. წლების განმავლობაში გლეხი შეეგუა ბედს, ის ხანდახან მხოლოდ კითხულობს: “რატომაა, რომ არავინ შესულა კარებში? ადამიანები ხომ ასე ისწრაფიან კანონისაკენ?” და მოისმინა პასუხი: “არავის ააქვს შესვლის უფლება, ეს კარი მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი! ახლა კი წავალ და ჩავრაზავ მას!”
ამ თქმულების აზრი ადამიანური ყოფის გაორებასთანაა დაკავშირებული: გზა ჭეშმარიტებისაკენ არსებობს, თუმცა ამ გზაზე მცველი დგას. კარები ღიაა, მაგრამ მასში ვერ შეხვალ; ადამიანი იმედოვნებს, მაგრამ განწირულია; ის დაჟინებულია, მაგრამ უძლურია; ის სუფთაა სინდისის წინაშე, მაგრამ ეჭვმიტანილია კანონით. თქმულების პარაბოლა ჭეშმარიტების მითის რღვევაშია, სემანტიკა – კანონი და უკანონობა.
ამ თქმულების ვარიანტებს ჩვენ კვლავ შევხვდებით რომანში “სასახლე”, სადაც ასევე იგრძნობა ეგზისტენციალიზმის გავლენა. აბსურდულია და ძალიან აბურდულია ზემლემარ კ.-ს ისტორიაც, რომელმაც სასახლის კანცელარიიდან მოწვევა მიიღო. მთელი რომანის განმავლობაში ის მაინც ვერ იღებს ვერც სამსახურს და ვერც მითითებებს, თუმცა დაჟინებით ცდილობს. ის უკვე არასასურველი პიროვნებაა სოფელში, მას აღარ ენდობიან. სასახლე – გიგანტური ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მახინაა მთელი რიგი ჩინოვნიკების, მაცნეების, უფროსი მოსამსახურეების განშტოებებით, რომლებიც გრაფ ვეს-ვესტის ნებას ასრულებენ. ცხოვრების ასეთ მოწყობაში ჭეშმარიტება და სამართლიანობა პრინციპში შეუძლებელია. მაგალითი, მეწაღის ქალიშვილის, ამალიას ისტორია, რომელმაც უარყო სასახლის ჩინოვნიკის სურვილები და ამით დაღუპა ოჯახი. ოჯახს ყველამ ზურგი შეაქცია. დარჩა რა შეკვეთების გარეშე, მამამ ხელობას თავი დაანება და გადაწყვიტა მისულიყო სასახლემდე. გლეხის მსგავსად, ისიც დიდ ხანს იჯდა გზაზე, მაგრამ კანონთან მაინც ვერ მივიდა.
უსაზღვრო ძალაუფლება რყვნის მათ, ვის ხელშიც არის, ვინც მას ემსახურება. ეს ძალაუფლება ასახიჩრებს ადამიანს. სამყაროსაგან იზოლირებული ხალხი სოფელში – ეს კრახისა და ჩიხისთვის განწირული ხალხია. ასეთ ტოტალიტარულ და ბიუროკრატიულ სახელმწიფოში არის 2 კლასი: დიქტატურის მსახურნი, ანუ ფუნქციონერები და ადამიანური არსებანი პარალიზებული ნებით, რომლებიც არ ისწრაფვიან თავისუფლებისაკენ და არც ძალუძთ თავისუფლების სიმძიმის ტვირთვა. რომანი “სასახლე” ამოდელირებს ასეთი ტიპის სახელმწიფოებრივ წყობას, წარმოადგენს რა თქმულებას პიროვნებისა და მისი გამანადგურებელი დიქტატურის ძალაუფლებაზე. ამასთან ეს ძალაუფლება მისტიფიცირებულია იმდენად, რომ მისი აღმოჩენა შეუძლებელია: ის უჩინარი და გამოუცნობია, მაგრამ სწორედ ის მართავს ადამიანთა ბედს.

კაფკას პროზის გამოსახვის მთავარი ობიექტი შინაგანი სიზმრების “კოსმოსია”, რომელიც არ ემთხვევა გარე სამყაროს, თუმცა ყოფიერების კონკრეტიკით ილექება მკითხველის შემეცნებაში და ქმნის რეალური სამყაროს ლაბირინთს, უფრო სწორედ მის მოდელს.
კონკრეტული რეალიები, რომლებიც შეგვიძლია ვიპოვოთ კაფკას თქმულებებში, უფრო მეორეხარისხოვანია. ავტორი იყენებს რეალურობას, ცდილობს რა მოშორდეს გრძნობებს:
“არ არის საჭირო სახლიდან გამოხვიდე. დარჩი შენს მაგიდასთან და ყური დაუგდე. ყური კი რ დაუგდო, დაელოდე. კი არ ელოდო, იყავ უმოძრაო და მარტოსული და სამყარო გაგეხსნება შენ. მას სხვაგვარად არ შეუძლია” (დღიურიდან).
ჰპოვა რა “პატარა” ადამიანის სახელმწიფოში გაუცხოების ფილოსოფიის დეტალური გადამუშავება, ფრანც კაფკას შემოქმედება ბევრ საკითხში დამახასითებელი მოვლენა იყო XX საუკუნისათვის. 1957 წელს, ჩამოვიდა რა საბჭოთა კავშირში გარსია მარკესი და ვერ აღმოაჩინა აქ კაფკას წიგნები, მწუხარება გამოთქვა: “...ვფიქრობ, ის შესძლებდა გამხდარიყო სტალინის საუკეთესო ბიოგრაფი” – მწუხარებით თქვა მან.

Комментарии

მინდა გითხრათმ, რომ ეს არ გახლავთ მცდელობა სრულად კაფკას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრისა, ეს უბრალოდ დამატებაა :)
natissimo написал(а)…
... kargia:) paralelebi dzalian mometsona.. ar damburdzgla :) magram kargia! :)
დიდი მადლობა კომენტისთვის:) რაც შეეხება ”დაბურძგლას” - ამას უფრო ვრცელ პოსტში შევეცდები, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით :)
Анонимный написал(а)…
საინტერესოდ ყვებით და მომეწონა კონკრეტიკა ბლოგის შესაფერისი! ინფორმაციას კარგად ფლობთ! მიკვირს მსგავსი ბლოგების აღმოჩენა და შემდეგ ვიმახსოვრებ:)))) მადლობა სიაოვნებისთვის!

Популярные сообщения из этого блога

“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

გმირებსაც ეშინიათ - უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში უნდა შეძლო შიშის დამარცხება - RESPECT პარფიონოვს!

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო