“ხმა ჩაიკმინდეთ სულელებო, ანუ გასეირნება დემონთან”!

“ღმერთების ფავორიტები ახალგაზრდა ასაკში კვდებიან, თუმცა სიკვდილის შემდეგ მარადიულად ცხოვრობენ იმავე ღმერთების გარემოცვაში”.

ფრიდრიხ ნიცშე

ჯეიმს დუგლას მორისონი, 60-იანების როკ-ვარსკვლავი - შავ ტყავის შარვალში გამოწყობილი იდუმალი და ეროტიკული ფლეიბოი ფილოსოფიური თვითგანადგურების მიდრეკილებით. კულტურული გმირი, რომელიც საზღვრებს სცილდებოდა და უხსნიდა გულის სიღრმეებს ახალგაზრდობას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ბობ დილანისა და “როლინგ სთოუნზის” შოკისაგან. ჯიმი მორისონი, როკენროლის პირველი თეატრალური მსახიობი - ის ეპოქის განსხვავებული პირმშო იყო. დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს მელბურნში(ფლორიდა), გაიზრდა ჯინიან და ნეტარ 50-იანებში და 10 წლის შემდეგ მრავალი მილიონი ახალგაზრდა ადამიანის მსგავსად აჯანყდა აღმზრდელების წინააღმდეგ. თუმცა მორისონი თავისთავად ერთადერთი და განუმეორებელი იყო: ჭეშმარიტად ბნელი ვარსკვლავი, მომღერალი და პოეტი, რომელმაც ყველას გაუღო საკუთარი სულის კარიბჭე და მისცა დაკვირვების საშუალება. “The Doors”-თან ერთად ის ქმნიდა მუსიკას, რომელიც საუკეთესო იყო გვიანი 60-იანებისა და 70-იანების დასაწყისისათვის, მუსიკას, რომელიც დღესაც ინარჩუნებს გენიალურ ჟღერადობას. ინტელექტუალს გველის ტყავის კოსტუმში, სურდა გაცილებით მეტი, ვიდრე ტიპიური როკ ან პოპ-ვარსკვლავი - მას სურდა ყოფილიყო პოეტი და რეჟისორი, რომელიც საკუთარ თავში გარკვეულწილად აღორძინების ეპოქის გმირს ხედავდა, გმირს ერთადერთს და განუმეორებელს. ეს კი ნაჩქარევად ანადგურებდა მას: საკუთარი მრავალსახოვნებითა და ალკოჰოლით გაჟღენთილი, ის ტანჯვით მოკვდა საკუთარი მსმენელების სიძულვილით, სიძულვილით - ტანჯული, მის მიერვე შექმნილ ადონისისადმი. სინამდვილეში მორისონი ყველა მარტვილზე მეტად იტანჯებოდა. ის იყო პირველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვითმკვლელი როკ ვარსკვლავი. მართალია ჯენის ჯოპლინმა და ჯიმი ჰენდრიქსმა ჯიმიმდე მოუღეს ბოლო საკუთარ არსებობას, მაგრამ მხოლოდ მას ესაჭიროებოდა ნამდვილი “გაქცევა”. 27 წლის ასაკში მორისონმა იმაზე მეტი ნახა, რაც უნდა ენახა, მიაღწია უდიდეს სიყვარულსა და თაყვანისცემასაც კი მსმენელთა მხრიდან. მას ჰქონდა სექსუალურობა, დრაივი და ვნება; კარგად გამოიყურებოდა და ინტელექტუალი იყო, ჰქონდა ფანტასტიური ხმა და რაც მთავარია, მას ჰქონდა ღვთისგან თუ სატანისგან ბოძებული ნიჭი შეექმნა ისეთი ლექსები, რომლებიც სავსეა ნიჰილიზმითა და მასების მანიპულირებისთვის საჭირო საუკეთესო საშუალებით - მიდრეკილებით დიონისეული საწყისისადმი. ნაწილობრივ პოეტი, ნაწილობრივ ჯამბაზი, ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა საკუთარი თავი - მორისონი ხშირად თამაშობდა საკუთარ ფანტაზიებს. ის იმდენად იყო შოუმენი, რამდენადაც შამანი, პარიზში გაქცევის შემდეგ “The Doors” ფაქტობრივად დაიშალა. თუმცა წვერიანი სექსიმბოლო ლუდით გაჭყეპილი “სიმპათიური” ღიპით აპირებს საკუთარი თავის კიდევ ერთხელ აღმოჩენას, ამჯერად, როგორც პოეტი. სამწუხაროდ, მას ეს არ ეწერა - 1971 წლის ივლისში ის მკვდარი იპოვეს პარიზში საკუთარ აბაზანაში, რაც ჰეროინის გადამეტებულ დოზას უფრო ჰგავდა, ვიდრე უბედურ შემთხვევას... და ამის შემდეგ, მან დაიმკვიდრა სამუდამო ადგილი როკენროლის დიდების დარბაზში.

რეი მანზარეკი 2000 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს: “თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რომ ჯიმი მოკვდა: მორისონი დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, “ჭკუისკოლოფა ჟურნალისტების” 2/3 ჭკუიდან გადავიდოდა მასთან 5 წუთის საუბრის შემდეგ. ჯიმი სიამოვნებით უშვებდა ყველას საკუთარი სულის იდუმალ კარებში, თუმცა მის უკან ისეთი უკუნი იყო, რომ ყველა მნახველს კრამიტი უჩოჩდებოდა. როგორ გადავრჩით ჩვენ? ჩვენ უბრალოდ არასოდეს ვუსმენდით მას: ერთ დარტყმულზე მეტი კვარტეტისათვის უკვე ზედმეტი იყო”.

მორისონის მიერ შექმნილი ლეგენდის მიხედვით ყველაფერი 1947 წელს დაიწყო, მაშინ ის 4 წლისა იყო. ნიუ-მეხიკოს უდაბნოზე გავლისას, მორისონების ოჯახი საშინელ ავტოკატასტროფას გადააწყდა. მორისონი დარწმუნებული იყო, რომ 4 წლის ასაკში მის სხეულში ჩასახლდა გარდაცვლილი ინდიელის, პუემბლოს სული და ამ მოვლენის შემდეგ მთელი მისი ცხოვრეა შეიცვალა:
“მე პირველად დავინახე სიკვდილი” - იტყვის მორისონი, - “სატვირთო მანქანა ინდიელებისა ან სხვა მანქანას შეასკდა, ან სხვა რამეს... მთელი გზა მოფენილი იყო დასისხლიანებული და მომაკვდავი ინდიელებით. ჩვენ გავჩერდით... არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი ისინი ადრე კინოში მყავდა ნანახი, და აი ახლა ყველა ეს ინდიელი ეყარა გზაზე და იცლებოდა სისხლისაგან. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ამიტომ მანქანაში დამტოვეს, მამა და ბაბუა გადავიდნენ... მე ვერაფერს ვხედავდი გარდა სასაცილო წითელი საღებავისა და მიმოფანტული ადამიანებისა, თუმცა ვხვდებოდი, რომ რაღაც მოხდა - მე ვგრძნობდი ვიბრაციებს ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან, ვგრძნობდი იმიტომ, რომ ისინი ჩემი მშობლები იყვნენ. ყველაფერი, რაც მე გავიგე, იყო ის, რომ ისინიც ჩემსავით ვერ ხვდებოდნენ რაში იყო საქმე. პირველად ვიგრძენი შიში... და ვფიქრობ, რომ მაშინ მკვდარი ინდიელების სულები, გაგიჟებულნი და იქვე მოხეტიალენი, შემოხტნენ ჩემსაში. მე ღრუბელივით მზად ვიყავი მათ მისაღებად... ეს არ გახლავთ ისტორია მოჩვენებებზე, ესაა რაღაც, რასაც ნამდვილად ჰქონდა აზრი”.
მცირე ექსკურსი ჯიმი მორისონის ბიოგრაფიაში: ჯეიმს დუგლასი გახლდათ პირველი შვილი სტივისა და კლარა მორისონებისა. ოჯახი უძველესი სამხედრო ტრადიციების მატარებელი გახლდათ და ამიტომ ჯიმის დაბადებიდან მალევე მამამისი წყნარი ოკეანის ფლოტში გაამწესეს, სადაც 3 წელი დაჰყო. ე.ი. პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვი უმამოდ იზრდებოდა დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან კლირუოტერში. 1946 წელს სტივის ომიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახი ფაქტობრიბვად ბოშურ ცხოვრებას ეწევა: ექვსი თვით ჯერ მდინარე ვაშინგტონზე, შემდეგ ორი წლით კლერმონტში. ჯიმის გაუჩნდა და და ძმა. მთელი ოჯახი პილიგრიმობს ქვეყანაში: კორეიდან დაბრუნების შემდეგ სანფრანცისკოში დასახლებამდე, ჯერ ალბუკერკში, 1958 წლის დეკემბერში კი ისევ ვაშინგტონში, სადაც 3 წლით რჩებიან.
ოჯახი საშუალო ფენის რესპუბლიკელებისაგან შედგებოდა ძირეული პატრიარქალური ტრადიციებით. მიუხედავად იმისა, რომ 50-ანებში სახელმწიფო სამსახური მაღალანაზღაურებადია, ამასვე ვერ ვიტყვით ემოციონალურ სტაბილურობაზე. მორისონის ცხოვრებაში ბავშვობიდან არ ყოფილა დამკვიდრების მომენტი, რამაც მასში დამცავი შრე შექმნა და ამასთანავე ჩამოუყალიბა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის სტილი, რომლებთანაც ნაცნობობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მის უკან არ იდგა გუნდი, ხალხთა ჯგუფი, რომელსაც ის თავისად ჩათვლიდა, ასე, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო, ის ქამელეონის მსგავსად გარდაქმნიდა საკუთარ თავს. 
რა თქმა უნდა ყოველივე ამაში ის საკუთარ მშობლებს ადანაშაულებდა და ალბათ ზუსტად ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ “Electra records”-ში სამუშაოდ მისაღებ ანკეტაში გრაფაში – მშობლები, ჩაწერა: “ჩაძაღლდნენ, ღმერთს მადლობა”- იმ დროს, როცა მშობლები აბსოლიტურად ჯანმრთელები იყვნენ.

ვაშინგტონის სკოლაში სწავლებისას იწყებს ლექსების ქმნას, წერს ასევე მცირე ზომის მოთხრობებსაც და მთლიანად ეფლობა წიგნებში - ისინი კი მას ძალიან ბევრი ჰქონდა და სიახლეს მოწყურებული ახალგაზრდა ფაქტიურად ყლაპავს ყოველ სიტყვას ისეთი ავტორებისა, როგორებიცაა უილიამ ბლეიკი, ჯეკ კერუაკი, ალენ გინზბერგი, კოლინ უილსონი, ოლდოს ჰაქსლი, სარელრი, რემბო და ამით იყალიბებს გემოვნებას.

სულ მალე ის იხიბლება პოეზიის რომანტიკით; როგორც აღნიშნავენ ჯერი ჰოპკინსი და დენი შუგერმანი ჯიმის ბიოგრაფიაში: “მორისონისთვის პოეტად ყოფნა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ლექსების წერა. ეს იყო ვალდებულება ცხოვრების წინაშე. იღვიძებდე ყოველ დილით ციებიანი მძვინვარებით და იაზრებდე, რომ მხოლოდ სიკვდილს შეუძლია მისი ჩაქრობა”. მიუხედავად ინტელექტისა და ნიჭიერებისა, მორისონში ნასახიც არ იყო კარიერიზმისა – ის მთელ დროს წიგნების კითხვას, ლექსებისა და დღიურების წერას უთმობდა, და კიდევ ალკოჰოლს... მშობლებმა შენიშნეს მასში ეს აპათია და გაგზავნეს სანქტ-პეტერბურგის კოლეჯში სასწავლებლად, სადაც მას ბებიასთან და ბაბუსათან უნდა ეცხოვრა. 1961 წელს ოჯახის დანარჩენი წევრები მიემგზავრებიან სან-დიეგოში, მორისონი კი სულ სხვა მიმართულებით მიდის - ქალაქ ტალახასის უნივერსიტეტში გატარებული 1 არცთუ ისე წარმატებული წლის შემდეგ, მან დაარწმუნა მშობლები გადაეყვანათ კალიფორნიის უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. ეს იყო 1964 წელს, 12 უფერული თვის შემდეგ, მიიღო რა უარყოფითი შეფასება საკურსო ნაშრომზე, ფრუსტრაციის გრძნობით ის ტოვებს კოლეჯს. რა პროექტი იყო ეს? თავისუფალი ფორმის მოკლე ფილმი, კონკრეტული სცენარის გარეშე, რომელზეც მორისონი ამბობდა: “ფილმი, რომელიც აღწერდა თვით ფილმის შექმნის პროცესს... ფილმი ფილმზე”. სინამდვილეში ეს გახლდათ აბსტრაქტული და სიურეალისტიური სახეების თანმიმდევრობა, შეერთებული დაახლოებით ვიდეოკლიპის პრინციპით: სცენა ნაცისტი ჯარისკაცებით, რომელიც აიღო ტელეშოუდან “The Outer Limits”, ოპერატორის მეგობარი გოგონა ბიუსტჰალტერში, წინდებში და მაღალ ქუსლებზე...
დაკარგა რა სტუდენტური გადავადება სამხედრო სამსახურიდან, იძულებულია გაექცეს კანონს და მიემგზავრება სანტა-მონიკაში, სადაც იმ დროისთვის ჰიპპის მოძრაობის აკვანი ირწეოდა. აქ ეძალება ნარკოტიკებს, მარიხუანას, LSD ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული და მორისონიც შეჯდა “მჟავაზე”. ზუსტად ამ პერიოდშია დაწერილი “Doors”-ის პირველი ორი ალბომის უმეტესი სიმღერა, რომლებიც ჰაკსლის, ბლეიკისა და სხვა ავტორების გავლენით შეიქმნა. აქვე ხვდება ის რეი მანზარეკს: “იდგა მშვენიერი კალიფორნიული მზიანი დღე, აგვისტოს შუაგული და სანაპიროზე მოდიოდა ჯიმი მორისონი. მივესალმე: “გაუმარჯოს, მე მეგონა, რომ შენ ნიუ-ორკში ხარ,” მან მიპასუხა: “ვიყავი იქ, მაგრამ აქ დარჩენა გადავწყვიტე, ვცხოვრობ მანსარდაზე მეგობართან, სიმღერებს ვწერ”. მორისონმა წაუმღერა “Moonlight Drive” და მანზარეკი უკვე ანკესზე იყო წამოგებული: “როცა მოვისმინე პირველი სტროფი, ვთქვი: “აი, ეს მესმის, ეს ხომ საუკეთესო ლექსებია, რაც მე როკენროლში ოდესმე მომისმენია”... მანზარეკი მიხვდა, რომ ეს შანსი იყო, და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და შესთავაზა შეექმნათ ჯგუფი. დაიმატეს დასარტყამ ინსტრუმენტალისტი ჯონ დენზმორი და გიტარისტი რობი კრიგერი... ასე შეიქმნა ჯგუფი “The Doors” - სახელი რაღა თქმა უნდა უილიამ ბლეიკის დიდ თაყვანისმცემელს, ჯიმ მორისონს ეკუთვნოდა. მორისონი ფიქრობდა ჯგუფზე, როგორც საკუთარი იდეების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაზე; ის ამბობდა: “ამერიკა ჩაფიქრებულია ძალადობაში. ამერიკელებს იზიდავს ძალადობა. ისინი მიიზიდებიან აბსოლიტური ძალადობით, თითქოს კონსერვის ქილაში იყვნენ. ისინი დაჰიპნოზებულნი არიან ტელევიზიით - ის თითქოს უხილავი დამცავი შრეა შიშველი რეალობისაგან. მეოცე ასწლეულის კულტურა დაავადებულია როგორიმე რეალობის გაგების შეუძლებლობით. ხალხი მისჩერებია ტვ-ს, საპნის ოპერებს, კინოს, თეატრებს, პოპ-იდოლებს და სიმბოლოები მათში ველურ ემოციებს იწვევენ. მაგრამ სინამდვილეში, საკუთარ ცხოვრებაში ისინი ემოციურად მკვდრები არიან.”
ეს იყო პირველი ანომალია როკის პანთეონში. საერთო ჯამში ეს როკიც არ იყო: “The Doors” იგნორირებდა ფოლკლორს, თავს არიდებდა ჯაზურ ჰარმონიას და მათი მუსიკის ფსიქოდელიაც კი დღემდე “დაუჭერელია”. ჯიმი მორისონის ჯგუფის კოპირება შეიძლება შევადაროთ ალიონის დაკონსერვებას ქილაში. მათ არ ჰყავდათ ანალოგები არც “ბრიტანული შტურმის” ჯგუფებში, არც ადგილობრივ ამერიკულ სცენაზე, არც ფსიკოდელიკურ როკში, არც მეინსტრიმში, არც ანდერგაუნდში, რომელსაც თითქოს ასე თუ ისე წარმოადგენდნენ. ვთქვათ ასე: ისინი იქცნენ პირველ მერცხლებად, პირველ ტაძრად ამერიკული აპოკალიფსისა, რომლის სუნთქვაც მათ ჯერ კიდევ მაშინიგრძვნენ, როცა არავის აზრადაც არ მოსვლია ყოველივე ამის შესაძლებლობისა. 1967 წლის იანვარში გამოსული სადებიუტო ალბომი “The Doors” გახლდათ სილა, რომელიც ამ კვარტეტმა გაარტყა სახეში “პოზიტიური მუსიკის” პროპაგანდისტებს, ხოლო ის ერესი რომლითაც სავსეა ყველა ტრეკი პირველიდან, უკანასკნელ სიმღერამდე -“The End” - საფუძველს უყრიდა როკენროლში ნიჰილიზმის გაჩენას. ჰედონიზმი და ძალადობა, გამოუვალობა და ქაოსი, სილამაზე და სიმახინჯე- აი ექვსი ბაწარი რომელზეც ეკიდა “The Doors”-ის გილიოტინა. და გილიოტინაც მუშაობდა დაუღალავად. რა იყო მიზეზი ასეთი უეცარი პოპულარობისა? რობი კრიგერი უკრავდა ყველანაერი წესების დარღვევით, ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მუსიკალური ხულიგანი იყო; ჯონ დენზმორი “ურტყამდა” განსხვავებულად - ბლუზის ელემენტების გათვალისწინებით; რეი მანზარეკი თავისი დროის საუკეთესო მუსიკოსი იყო - მისი დამსახურებაა, რომ ბას გიტარის გარეშე ჯგუფმა ამდენს მიაღწია - მის ორღანს გამოყავდა ჯგუფი მდგომარეობიდან. მაგრამ მთავარი მაინც ჯიმი მორისონი გახლდათ, ჯიმი და მისი პოეზია. ჯიმი - ლამაზი, როგორც აპოლონი, ხმა, როგორც ორფეოსს, და საშინელი, როგორც ლუციფერი.


მორისონი შეპყრობილი იყო “აპოლონურ-დიონისურ” განხეთქილებით. ეს დუალიზმის იდეა როგორც მოგეხსენებათ, ნიცშედან მოდის, რომელმაც ძველბერძნული კულტურის ფენომენის შესწავლას უამრავი ნაშრომი მიუძღვნა. გერმანელი ფილოსოფოსის წიგნი “ტრაგედიის დაბადება” (1872) მორისონს მოჰყავდა სამაგალითო წიგნად, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, რათა გაერკვე მის აზრთა დინებაში. როგორც მისი ბიოგრაფი მაიკ ჯანი წერდა - ეს გახლდათ “ფილოსოფიური გზამკვლევი” “Doors”-ის სამყაროში. 
ტერმინი “აპოლონურ-დიონისური განხეთქილება”, ბერძნული ღმერთების - აპოლონისა და დიონისოსაგან მოდის. იყო რა ღმერთების გზავნილი, აპოლონი ამავდროელად კურირებდა მუსიკას, მედიცინას, სინათლესა და ახალგაზრდობას, ხშირად იგივდებოდა მზესთან. ლამაზი, ახალგაზრდა, გრძელთმიანი დიონოსო ღვინისა და თრობის ღმერთთან ერთად იყო დროსტარებისა და სიამოვნების აპოლოგეტიც. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მორისონი სწორედ მასთან იდენტიფიკაციას ირჩევს. ნიცშემ ეს გაგებები ინსტიქტსა და მორალს, ქაოსსა და წესრიგს შორის ზღვარის გასავლებად გამოიყენა. აპოლონის კულტურა წარმოადგენდა წესრიგსა და კონტროლს, იმ დროს როცა დიონისო საფრთხეს უქმნის ყოველივე ამას და აქეზებს ემოციურ თავისუფლებას. ნიცშე წერდა: “დიონისოს მომხიბვლელობით მტკიცდება კავშირი არამარტო ადამიანსა და ადამიანს შორის, არამედ ბუნებასთანაც, რომელიც გაგვიუცხოვდა, მტრულია ან დაქვემდებარებული, და რომელიც ზეიმობს კიდევ ერთ შერიგებას დაკარგულ შვილთან, ადამიანთან”. მან მიუთითა, რომ მუსიკა და თეატრი დიონისოს პირდაპირი ჭეშმარიტი გამოსახულებაა და ეს სატყუარა მორისონმა უცებ ჩაყლაპა: “ხანდახან მინდა როკენროლის ისტორიას ძველბერძნული დრამატურგიის პრიზმაში ვუცქირო, დრამატურგიისა, რომელიც იქმნებოდა თაყვანისმცემელთა, მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფებით... და ერთ მშვენიერ დღეს, შეურაცხადი გამოვარდა ბრბოდან და იწყო ღმერთების მიბაძვა”. 
ჯიმი მორისონს შეეძლო ეთქვა ზუსტად ის, რაც უნდოდა და ეთქვა ისე, როგორც მას უნდოდა. აი, რატომ იყო, რომ მისი პოეზია და პროზა ერთნაირად მოქმედებდა ქალებზეც და კაცებზეც, და აგდებდა ადგილზე. იმიტომ, რომ მორისონის პროზა და პოეზია უღვიძებდა ხალხს ფანტაზიას, ფანტაზია კი ისაა, რაც ლუის კეროლამდე და ჯიმი მორისონის შემდეგ ლიტერატურაში არ იყო და არც არის. და აი, პოეტი ქმნის მითს საკუთარ თავზე, მიდის ამ მითით მიკროფონთან და... არაფერი არ ხდება. იმიტომ, რომ მაყურებელთა დარბაზთან ქიმიური რეაქციისათვის საჭიროა რაღაც უფრო მეტი - პოეტმა უნდა აანთოს პუბლიკა. ამის გაკეთება კი მხოლოდ საკუთარი ლექსებით შეუძლია. ამიტომაა, რომ საუკეთესო პოეტებს როკ მუსიკაში ერქვათ ჯიმი, ჯონი და ბობი – არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან კარგ მუსიკას ქმნიდნენ, არა, ხშირად მათ ერთი ნოტაც კი არ ჰქონდათ სულს მიღმა, უბრალოდ მათ ჰქონდათ ინდივიდუალური ხმა და ჰქონდათ ლექსები. აი ვნახოთ:

“სიყვარული იმალება უცნაურ ადგილებში,
 სიყვარული იმალება ნაცნობ სახეებში,
 სიყვარული თავს დაგატყდება, როცა არ ელი მას
 სიყვარული იმალება კუთხეებში,
 სიყვარული მოდის მასთან, ვინც ეძებს მას,
 სიყვარული იმალება ცისარტყელის ლამაზ ფერებში,
 და ცხოვრობს მოლეკულარულ სტრუქტურებში”

“Love Hides”

ან:
   
“People are strange when you're a stranger, 

Faces look ugly when you're alone

Women seem wicked when you're unwanted,

Streets are uneven when you're down,

When you're strange

Faces come out of rain when you're stranger

No one remembers your name when you're strange

When you're strange  When you're strange”

“People are strange”

ჯიმი მორისონი მივიდა თაობის უდიდეს ჭეშმარიტებასთან - ის მიხვდა, რომ მიუხედავად მოჩვენებითი უდანაშაულობისა, მგრძნობელობისა და “მშვიდობიანი 60”-იანების უბრალოებისა, ეს იყო საშიში და საშინელი დრო. თაობა იყო ასეთი არა იმიტომ, რომ მათზე შურს იძიებდა მამების თაობა, იმისათვის რომ გაწყვიტეს ურთიერთობა მამათა თაობის ღირებულებებთან, ოცნებებსა და პერსპექტივებთან. ჯიმი მორისონი მივიდა დასკვნამდე, რომ საშიშროება იმალებოდა თვით “ყვავილთა შვილების”, სიყვარულის მშიერ შამანთა და ჯადოქართა თაობაში: მისი თაობის “ბნელი მხარე”- ისევე, როგორც ყველა თაობისა მანმადე - არ იქცა მზიანად და ვერც LSD-მ და ვერც მანტრებმა ვერ შეცვალეს ადამიანის ბუნება. თუ ასეა, მაშ რითი სჯობდა 60-იანელების თაობა მამებისას? როგორც ჩანს, მორისონი მიხვდა, რომ ყოველი თაობა ყველა დროში, იღებს რა ლიცენზიას თვითგანადგურებაზე, აუცილებლად წავა ბოლომდე. “Take it easy baby, take it as it comes” - დაიკიდე ძვირფასო, გაყევი დინებას. იქ, დანიშნულების ადგილას, ძალიან საშიშია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, შენ იქ რაღაც ახალი მაინც დაგხვდება. იგრძნო რა საკუთარი დასკვნის სამართლიანობა, ჯიმ მორისონს შეუყვარდა იდეა და ამ იდეით სიამოვნებას იღებს. 
ერთხელ, ღამით, მიიღო რა LSD-ს დიდი დოზა, გადაწყვიტა იმპროვიზაციისთვის მიემართა ერთ-ერთ გრძელ სიმღერაში – “The End”. ჩაუღრმავდა რა წიგნებს საკუთარ ბიბლიოთეკაში, გადაეყარა ცნობილ პასაჟს ფროიდული თეორიისა. “Father”, დაიყვირა ჯიმმა სცენიდან - “Yes son”! “I want to kill you…Mother…I want to…Fuck You!” პუბლიკა შოკში ჩავარდა, თუმცა როგორც შემდეგ თვითონ თქვა ინტერვიუში, აქ არაფერი იყო მაშოკირებელი: “ოიდიპოსის კომპლექსი”- ეს ნორმალური რეაქციაა ნორმალური მამაკაცისა ქვეყნის ჭირვარამზე და დილის ერექციაზე” - განაცხადა მან. ამიტომ სიტყვები: “Father I want to kill you, mother I want you”, რომელიც ჯიმმა უკანასკნელ კომპოზიციაში წამოიყვირა - იქცა თაობის არაფორმალურ ჰიმნად, ქვეცნობიერ კივილად ფსიქიატრიული დახმარების თხოვნისა. ეს იყო პირველი ალალი სიტყვები “მშიას” შემდეგ. არა “All you need is love”, არამედ “
mother I want you”, იმიტომ, რომ პირველი პოსტულატი მშვენიერია იდეის დონეზე, თუმცა ისევე შორსაა ჭეშმარიტებისაგან, როგორც ადამიანთა უფლებების დეკლარაცია, მეორე კი მოკლეა და ამომწურავი, ისევე როგორც ტყვია შუბლში და ისეთივე საშინელი.

მორისონის მთავარი თეზისი, რომელსაც ის ხაზს უსვამს ყველა სიმღერაში, გახლავთ რეალობასთან დაპირისპირება, რასაც მარტივად ხსნიდა:
“ადამიანებს ეშინიათ საკუთარი თავის, საკუთარი რეალობისა, განსაკუთრებით საკუთარი გრძნობებისა. ადამიანები ბჭობენ, რამდენად ძლიერია სიყვარულის ძალა, თუმცა ეს სისულელეა. სიყვარული ტკივილს გვაყენებს. გრძნობები გვაწუხებენ, გვაფორიაქებენ. ადამიანებს ასწავლიან რომ ტკივილი საშიში და ბოროტია. როგორღა შეუძლიათ მათ სიყვარულის შეგრძნება თუ კი ეშინიათ იგრძნონ? ტკივილი საჭიროა, რათა გაგვაღვიძოს! ადამიანები ისწრაფვიან დამალონ ტკივილი, რაც არასწორია. თქვენ გრძნობთ საკუთარ ძალას აბარებთ რა ტკივილის გამოცდას. აი რა არის მთავარი. ტკივილი არის შეგრძნება - თქვენი გრძნობა კი თქვენი ნაწილია. ნაწილია თქვენი საკუთარი რეალობისა. თუ თქვენ მათ გამო გრცხვენიათ და მალავთ, ამით აძლევთ საშუალებას საზოგადოებას გაანადგუროს თქვენი რეალობა. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი უფლება იგრძნოთ საკუთარი ტკივილი”.
“ხანდახან ტკივილი ძალიან მძიმეა გამოსაკვლევად, მოსათმენადაც”- ამბობდა ის ხსნიდა რა სტრიქონის მნიშვნელობას “ჩემო ერთადერთო მეგობარო, დასასრულია”. ეს არ უნდა გვაშინებდეს, არ უნდა გვეჩვენებოდეს საშიშად. შიში სიკვდილისა გაცილებით დიდია ტკივილის შიშზე. უცნაურია, როცა სიკვდილი აიძულებს ადამიანებს ეშინოდეთ. ცხოვრება გაცილებით უფრო გვკოდავს, ვინემ სიკვდილი. როცა ის მოდის, ტკივილი მთავრდება. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ის მეგობარია”:

 “This is the end, beautiful friend 

This is the end, my only friend, the end 

It hurts to set you free 

But you'll never follow me 

The end of laughter and soft lies 

The end of night we tried to die 

This is the end”

                                 "The End"
დიახ, სიკვდილი ჯიმი მორისონის მუზა იყო. არც ისე დიდი ხნის ცხოვრების განმავლობაში მორისონს ადარებდნენ ანგელოზს და ეძახდნენ ეშმაკს. ვინ იყო ის სინამდვილეში? ალბათ ის ვინც ანგელოზსა და ეშმაკს შორისაა - ის ადამიანი იყო, თუმცა გენიალური ადამიანი. ის იყო ვიღაც, ვინც საერთოა მეფისტოფელსა და კენს შორის. ვიღაც შუალედური “მეფე ხვლიკებისა”, მიკი მაუსისა და მარკიზ დე სადისა. ის იყო დედამიწაზე ჩამოსული დიონისო, უბრალო ადამიანის სხეულში ჩაბუდებული ჯადოქარი. როკ ვარსკვლავი და პოეტი, გენიოსი და სუფთა წყლის სულელი. ის აოცებდა პუბლიკას, იმიტომ, რომ მთლიანად სთავაზობდა საკუთარ თავს, იმაზე მეტსაც, რასაც შესაძლოა ელოდა მისგან პუბლიკა. სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვდა. აუდიტორია იზრდებოდა, ის კი ისეთივე დარჩა, მას უნდოდა ყოფილიყო უფრო მეტი ვიდრე თვით სიცოცხლეა, მაგრამ, სამწუხაროდ ცხოვრებამ მას ეს არ აპატია.
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მორისონმა მიიღო ზუსტად ის, რაც უნდოდა - მას უნდოდა ყოფილიყო მეტეორი: “აი ის, ხედავთ, როგორ იწვის ატმოსფეროს სქელ ფენებში... და აი, ის უკვე აღარ არის. რამოდენიმე წამით მისმა ცეცხლმა და ნათებამ გაანათა პლანეტა.”

მან დაიპყრო ამერიკა და მთელი მსოფლიო, მან უარყო და შეურაცხყო კანონები ქვეყნისა, რომელიც უყვარდა და სძულდა ერთდროულად... მედიამ მასზე ნადირობა გამოაცხადა და როგორ უპასუხა მათ? - გაიქცა პარიზში - შეყვარებულთა, პოეტთა და მაძღარი მათხოვრების ქალაქში... თითქოს ახლო მომავალსაც ხედავდა, რომელშიც უბრალოდ პოეტი იყო... მაგრამ, სხეული უკვე “გაცვეთილი” იყო, გული კი სუსტი. მან უკვე ყველაფერი ნახა და გააკეთა. “და სვამდა ისევე, როგორც ცხოვრობდა: ბევრს, თვითგანადგურების ზღვარზე და სიამოვნების გარეშე.” ცხოვრებითაც საკუთარი კანონით ცხოვრობდა: ბოლოს აუცილებლად სიკვდილი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, მისი სული დიდი ხანია უკვე დაღლილიყო, სიკვდილი კი უფრო ახლოს იდგა და უფრო მარტივიც იყო, ვიდრე სახლში დაბრუნება... ალბათ, სიკვდილი მაინც არ არის დასასრული, ის ხომ ამბობდა: “Cancel my subscripition to the resurrection”... 



Комментарии

Анонимный написал(а)…
gansacvifrebelia! :)
დიიიიიიდი მადლობა :) იმედია არ გავაცრუებ იმედებს :P
კოპალა написал(а)…
xom gitxari imedebs vici ar gagvicrueb metqo :) sintereso iyo dzalian.
Pro-Woman написал(а)…
მორისონი ისეთი თემაა, მოდური და შესაბამისად ყველას რომ მოწონს და აინტერესებს.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბესო :) გმადლობთ :)
Анонимный написал(а)…
udidesi adamiani iyo :(
Teona написал(а)…
no comments!
Анонимный написал(а)…
MAGAS AR UDGEBODA :d... MAGARI KACI DZAAaaan JIMS RO VUSMEN GULSHI VPIKROB POLL DABERDI SHENIIIII DEDAC MOVTYAANMETKI...

Популярные сообщения из этого блога

დაკარგული დროის ძიებაში, ანუ უმისამართო კითხვები

სული გზაგასაყარზე - ედგარ ალლან პო