რემბო Forever

როგორც პოეტი, ის თითქმის უკვე 130 წელია რაც გარდაიცვალა. ლექსებს მხოლოდ 4 წლის განმავლობაში წერდა. ცხოვრების ¼ აფრიკაში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ იქცა კერპად. სიცოცხლეში დემონის, სკანდალისტის, ოჯახების დამანგრეველისა და ყოველგვარი ნორმების უარმყოფელის „მეწამული გვირგვინით იყო შემკული“. მის სახელს დღეს ყველაზე ძლიერ ალკოჰოლურ კოქტეილებსა და მეტად ესთეტურ კომპიუტერულ ვირუსებს არქმევენ, თავად მას კი დღეს „პირველ ფსიქოდელიკურ რევოლუციონერად“ და „მიძინებული ევროპის უკანასკნელ სულის მესაიდუმლედ“ მოიხსენიებენ. მისი ლექსებით მოხიბლულ პარიზელ პოეტ პოლ ვერლენთან 16 წლის არტურ რემბო მშობლიური შარლევილის იმ სადგურიდან გაემგზავრა, სადაც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ადგილობრივმა ბურჟუებმა მას ძეგლი დაუდგეს. ძეგლის დადგმის წინააღმდეგნი იყვნენ რემბოს შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები ბრეტონი, არაგონი და სუპო - დიდი შემოქმედი სხვაგვარ პატივისცემას მოითხოვსო. ისინი აღმერთებდნენ „უდიდეს სიმბოლისტს“, რემბოს და მათ ჰქონდათ ამის ყველა მიზეზი: სწორედ მან იხმარა პირველად პრა...